logo
ENG



ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სკოლებში "საქართველოს ისტორიას" გაძლიერებულად ისწავლიან

16 ივნ 202213:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/16/ipxu06xnprfzqgk.jpg

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით 2021 წლიდან სამინისტრომ "საქართველოს ისტორიის" სწავლების გაძლიერების კუთხით აქტიური მუშაობა დაიწყო.

სამინისტროს თქმით, მიზანია, განათლების საშუალო საფეხურზე საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე (10-12 კლასებში) უწყვეტად ისწავლებოდეს.

სამინისტროს ცნობით "საქართველოს ისტორიის" გაძლიერებულად სწავლების მიზნით სკოლის მოსწავლეები საქართველოს ისტორიას ცალკე საგნად ისწავლიან.მათი ცნობით ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაიწერა 2 საგანი: საქართველოს ისტორია და ისტორია.

„ქართველ ისტორიკოსთა ერთობლივი მუშაობის შედეგად, მიღებულ იქნა ისტორიის განახლებული სტანდარტი, რომლის თანახმად, ეროვნულ სასწავლო გეგმაში „საქართველოს ისტორია“ და „ისტორია“ ცალ-ცალკე საგნად გაიწერა. საგნის „საქართველოს ისტორია“ სწავლებისას აქცენტი გაკეთდება ქართული ისტორიოგრაფიისთვის აქტუალური პრობლემების კვლევაზე და მათ სიღრმისეულ გააზრებაზე. „ისტორიის“ საგნის სწავლება კი მთავარ მიზნად ისახავს მსოფლიო ისტორიული მოვლენების/პროცესების შესწავლასა და მათთან საქართველოს ისტორიის საკითხების დაკავშირებას” - აცხადებს სამინისტრო.

სამინისტროს განცხადებით, სახელმძღვანელოთა გრიფირების პროცესი დაწყებულია და წარდგენილი 5 გამომცემლობის სახელმძღვანელოდან შერჩევის პროცესი ივლისის ბოლომდე დასრულდება.

განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ 2022-23 წლებიდან მეათე კლასის მოსწავლეები „საქართველოს ისტორიას“ განსხვავებული სახელმძღვანელოთი ისწავლიან.


close დახურვა